საზეიმო სხდომა

09-07-2010


9 ივლისს გაიმართა ინსტიტუტის დაარსებიდან 65-ე და აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ.

ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ მოხსენებაში _ “პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი 65 წლისაა” ვრცლად ისაუბრა ინსტიტუტის დაარსებიდან დღემდე ინსტიტუტისა და მისი კოლექტივის მიერ განვლილ გზაზე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ემდ, პროფ. ლეო ჩიქავამ თავის მოხსენებაში _ “პაატა გუგუშვილის ცხოვრება და შემოქმედება” _ ფართოდ გააშუქა გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი ეტაპი. ეკონომიკის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ასპირანტმა იზოლდა აბაშიძემ მოხსენებაში _ “პაატა გუგუშვილი, როგორც მოქალაქე და პიროვნება” ვრცლად ისაუბრა აკადემიკოს პ. გუგუშვილის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებზე, რომლითაც იგი გამოირჩეოდა თავის თანამედროვეთა შორის. აკადემიკოს პ. გუგუშვილის შესახებ მოგონებებით გამოვიდნენ: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: რევაზ გოგოხია, როლანდ სარჩიმელია, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატები: რევაზ ჯავახიშვილი, ნანული არევაძე, ჯემალ ხარიტონაშვილი, მერაბ ხურცილავა, ლამარა მინდორაშვილი, ზაურ თოლორდავა, ვაჟა ბერიძე, მერაბ კელენჯერიძე და სხვები.

დამსწრე საზოგადოებას გაეცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის მოლოცვა. კოლექტივს ღირსშესანიშნავი თარიღები მიულოცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. საიუბილეო თარიღები ინსტიტუტის კოლექტივს ასევე მიულოცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, სრულმა პროფესორმა ელენე ხარაბაძემ და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის პირველმა მოადგილემ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ემდ, პროფ. დიმიტრი სოროკინმა. ინსტიტუტის კოლექტივს საიუბილეო თარიღები მიულოცა თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ემდ, პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ. სხდომას გაეცნო აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ _ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი ნამდვილი წევრის მიხეილ როკეტლიშვილისა და აკადემიური დოქტორის დავით კურტანიძის მისალმება. საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტორ სერგო მელაძის მოლოცვა სხდომას გააცნო ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სრულმა პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა. ხოლო, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი მათიაშვილის მოლოცვა სხდომას გააცნო ამ უნივერსიტეტის დეკანმა ემდ, პროფ. ლალი ჩაგელიშვილმა. პროფესორმა რამაზ აბესაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, საზღვარგარეთელ სტუმრებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის საიუბილეო ღონისძიებებში და წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა მათ.



უკან
Created by Spar.ge