ინფორმაცია პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ
ამა წლის 20 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე − „მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში: საქართველოს ადგილი და გამოწვევები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა, აგრეთვე უცხოელმა მეცნიერებმა.
კონფერენცია გახსნა პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. იგი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, მოწვეულ სტუმრებს და ისაუბრა ინსტიტუტის განვლილ პერიოდზე - მისი დაარსების დღიდან დღემდე. შემდგომ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო გვენეტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსები: ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, მიხეილ ჯიბუტი; პროფესორები: ელგუჯა მექვაბიშვილი, თეიმურაზ შენგელია; იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე, ეკონომიკის დოქტორი რევაზ ჯავახიშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი მანანა ლობჟანიძე. შემდგომ კონფერენციას მიესალმნენ უცხოელი მონაწილეები: პროფესორი ალინა ბეთლეი, იოანე პავლე II-ის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ინტერნეტის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი (პოლონეთი), ვისლავ ტადეუშ პოპლავსკი - ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი), კორნელია გოლომბეკი, ესენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორანტი (გერმანია).
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციის ფარგლებში სულ 5 სექცია მუშაობდა: ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის; მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ფინანსებისა და საბანკო საქმის; სექტორული და რეგიონული ეკონომიკის; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და გლობალიზაციის; დემოგრაფიის, სოციოლოგიისა და შრომის ეკონომიკის.
სექციებში მუშაობის დასრულების შემდგომ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ, შეაჯამა კონფერენციის მუშაობა და აღნიშნა, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე იქნა ჩატარებული.
მეორე დღეს კონფერენციის მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია და გაიმართა საზეიმო მიღება – ბანკეტი.