პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სადისკუსიო დარბაზი



პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტთან არსებობს სადისკუსიო დარბაზი. იგი წარმოადგენს კოლეგიალურ დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებულ ინსტიტუტს, რომლის მთავარი ამოცანაა ცნობილ მეცნიერ და პრაქტიკოს ეკონომისტთა მონაწილეობით აქტუალურ სამეცნიერო და გამოყენებითი ხასიათის საკითხებზე დისკუსიების გამართვა, რომლის მიზანია სამეცნიერო პრობლემათა და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ მწვავე ამოცანათა გადაჭრისათვის ხელის შეწყობა, ასევე ცალკეულ სამეცნიერო ნაშრომთა განხილვა.

დარბაზი წარმოადგენს არაპოლიტიკურ ინსტიტუტს და ამდენად არ ებმება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დისკუსიებში, არ აფასებს რომელიმე სამთავრობო ორგანოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობას.

დარბაზის გადაწყვეტილებებს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.

დარბაზში გაერთიანებულია ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტთა მთელი სპექტრი.

                                                                                  ***

 დარბაზის სხდომაზე უკვე გაიმართა ემდ, პროფესორ გიორგი პაპავას წიგნის - Методология познания качеств реалий смешанной рыночной экономики и паралогизмы - განხილვა.

სადისკუსიო დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობდა პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე. პროფ. გიორგი პაპავას მონოგრაფია თავიანთ გამოსვლებში სხვადასხვა ასპექტით გააშუქეს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფ. ნოდარ ჭითანავამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ლეო ჩიქავამ, პროფესორებმა: თეიმურაზ ბერიძემ, როლანდ სარჩიმელიამ, ვახტანგ ბურდულმა და როზეტა ასათიანმა. გამომსვლელების აზრი ერთიანი იყო, რომ აღნისნული მონოგრაფია  არის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაწეული ღრმა მეცნიერული კვლევის შედეგი, რომელშიც მრავლადაა მნიშვნელოვანი მეცნიერული სიახლეები და თეორიული იდეები.

სიტყვით გამომსვლელთა აზრით, პროფ. გიორგი პაპავას მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის გამოყენება პრაქტიკაში ხელს შეუწყობს საბაზრო ეკონომიკის სუბიექტთა საქმიანობაში პარალოგიზმების თავიდან აცილების შესაძლებლობას და სწორად წარმართავს საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესს. სადისკუსიო დარბაზის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს პროფ. გიორგი პაპავას მონოგრაფიას, რომელიც ახალ სიტყვას წარმოადგენს ეკონომიკურ მეცნიერებაში.

                                                                                   ***

დარბაზის სხდომაზე ასევე მოეწყო ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელსაც ეთხოვა ტერმინოლოგიების მომზადება და დარბაზზე განსახილველად წარმოდგენა.

                                                                                   ***

 

 უახლოეს მომავალში დაგეგმილია დარბაზის გამართვა ქართულ ეკონომიკურ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას.



უკან
Created by Spar.ge