ინფორმაცია თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან მე–60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-პრაქტიკული კონფერენციის შესახებ

02-07-2012


         2012 წლის 28-29 ივნისს თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიმართა პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადების მე–60 წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომლის თემა გახლდათ: ეროვნული ეკონომიკები და გლობალიზაცია.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, მხარდამჭერი ორგანიზაციები: აკაკი წერეთლის  სახელობის ქუთაისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი.

კონფერენციაზე გაიმართა პლენარული სხდომა და სექციური მუშაობა.

ქართველ მეცნიერთა გარდა კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40  წარმომადგენელი.

კონფერენცია გახსნა თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კონფერენციის თემატიკასა და კონფერენციის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკური მეცნიერების განვითარების, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო კავშირების გაფართოების თვალსაზრისით.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ემდ, პროფესორი გიორგი ბერულავა, პოლტავის ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების დარგთაშორისი ინსტიტუტის დირექტორი იგორ ბრიტჩენკო (უკრაინა). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ პაპავა, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ლარისა ბელინსკაია (ლიტვა), ემდ, თსუ სრული პროფესორი იური ანანიაშვილი, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გინდრა კასნაუსკიენე (ლიტვა), ემდ, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე,  ტუგან–ბარანოვსკის სახელობის ეკონომიკისა და ვაჭრობის დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ვალენტინა ორლოვა (უკრაინა), ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორი არტურას ვიტას(ლიტვა) და სხვები.

პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა, და კონფერენციის მუშაობის შემაჯამებელი სხდომა. როგორც საზღვარგარეთელი, ისე ქართველი მეცნიერების მიერ გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ კონფერენცია ჩატარდა მაღალ მეცნიერულ დონეზე და რომ აუცილებელია კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებათა, წინადადებათა და დასკვნათა  საფუძველზე შემუშავდეს რეკომენდაციები, რომელიც დაეგზავნება შესაბამის ინსტანციებს. ამისათვის შეიქმნა რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისია.

კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. სხდომას უძღვებოდა ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე. მანვე გააკეთა მოხსენება პროფესორ გიორგი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

სხდომაზე მოგონებებით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ვლადიმერ პაპავა, ლეო ჩიქავა, ავთანდილ სილაგაძე; ემდ, პროფესორები: მიხეილ ჯიბუტი, იური ანანიაშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, როლანდ სარჩიმელია; ეკონომიკის აკადემიური დოქტორი დემნა კვარაცხელია და სხვები.

კონფერენციის მსვლელობის დროს გაიმართა კულტურული ღონისძიებები.შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კონფერენცია, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არა მხოლოდ ეკონომიკის ინსტიტუტის, არამედ მთელი უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებაში. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობენ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების განვითარებასა და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას ხალხთა შორის.



უკან
Created by Spar.ge