ინფორმაცია თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-პრაქტიკული კონფერენციის შესახებ
2013 წლის 28 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში ჩატარდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე.“
კონფერენცია გახსნა პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კონფერენციის თემატიკასა და კონფერენციის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკური მეცნიერების განვითარების, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო კავშირების გაფართოების თვალსაზრისით.
კონფერენციას მიესალმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
კონფერენციას მიესალმა და სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის მრავალმა მეცნიერ–ეკონომისტმა.
საზღვარგარეთიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, კონფერენციას მიესალმნენ და სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდნენ: ემდ, პროფ. ალი ალიზაევი _ აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი. პროფესორები: ელენე მოშკოვსკაია, ოლგა რომანენკო, კიევის ეროვნული სავაჭრო–ეკონომიკური უნივერსიტეტი, ემდ, პროფ. ოლგა იაცენკო, ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტი.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე მეცნიერები რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან.
პლენარულ სხდომაზე სამეცნიერო მოხსენებებით გამოვიდნენ: ემდ, პროფ. როზეტა ასათიანი – თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერკონსულტანტი; ემდ, პროფ. თეიმურაზ შენგელია – კათედრის ხელმძღვანელი; უშანგი სამადაშვილი – ემდ, თსუ ასოცირებული პროფესორი; გიორგი სიგუა – ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, უკრაინის საკრედიტო–საბანკო კავშირის მრჩეველი.
კონფერენციის მუშაობა წარიმართა შემდეგ სამეცნიერო სექციებში: ეკონომიკური თეორიის (ხელმძღვანელები: ემდ, პროფ. ა. კურატაშვილი და ემდ, პროფ. მ. კვარაცხელია); მაკროეკონომიკის (ხელმძღვანელები: ეკონომიკის აკადემიური დოქტორები ნ. არევაძე და გ. ერქომაიშვილი); ფინანსებისა და საბანკო საქმის (ხელმძღვანელები: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი თ. ლაზარაშვილი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი დ. სოლოღაშვილი); საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკის (ხელმძღვანელები: ემკ, ასოცირებული პროფესორი ი. ნათელაური, ემკ რ. ჯავახიშვილი); ბიზნესის პრობლემების (ხელმძღვანელები: ემდ, პროფ. გ. ბერულავა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ე. კაკულია); სექტორული და რეგიონული ეკონომიკის (ხელმძღვანელები: ემდ, პროფ. ვ. ბურდული და სმმდ, პროფ. თ. ჩხეიძე); აგრარული ეკონომიკის (ხელმძღვანელები: ემკ ზ. რევიშვილი, ემკ ლ. დათუნაშვილი).
სამეცნიერო სექციების ხელმძღვანელებმა სექციების მუშაობის შეჯამებისას ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმ პრობლემებზე, რომლებიც წამოჭრეს მომხსენებლებმა. სამეცნიერო სექციების ხელმძღვანელებმა, ასევე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ კონფერენცია ჩატარდა მაღალ მეცნიერულ დონეზე, რომ მომხსენებლების მიერ წარმოჩენილ იქნა არაერთი მეცნიერული სიახლე, წინადადება და რეკომენდაცია.
თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ დადებითად შეაფასა კონფერენციის მუშაობა.
29 ივნისს გაიმართა პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, სხდომას უძღვებოდა ინსტიტუტის დირექტორი ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე.
სხდომაზე მოისმინეს მოხსენებები: 1. პროფესორ გიორგი პაპავას ცხოვრება და მოღვაწეობა (მომხსენებელი ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე); 2, პროფესორი გიორგი პაპავა, როგორც მეცნიერი და პედაგოგი (მომხსენებელი ემდ, პროფ. ნოდარ ჭითანავა).
სხდომაზე მოგონებებით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი ლეო ჩიქავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: თეიმურაზ შენგელია, გედევან ხელაია, ნუგზარ პაიჭაძე, უშანგი სამადაშვილი, როლანდ სარჩიმელია, აკადემიური დოქტორი გურამ ყუფუნია.
საიუბილეო სხდომას სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, რომელმაც დიდი მადლიერების გრძნობა გამოხატა პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექციისა და მთელი კოლექტივის მიმართ, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობის, წარმატებით განხორციელებისა და პროფ. გიორგი პაპავას დიდი დაფასებისათვის.
კონფერენციის პერიოდში გაიმართა კულტურული ღონისძიებები.